მე ტრანსგენდერი ვარ…

სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი საკუთარ სხეულში და დღემდე არ ვიცი რა დანაშაულის გამო, მხოლოდ ერთი რამ ვიცი – ამინისტია არასოდეს შემეხება.

მე ტრანსგენდერი ვარ…

ყოველთვის როცა ვიღაც მომწონს, ჩემს მუცელში პეპლები არ დაფრინავენ, რადგან სიყვარულით მოტანილ ყველა სასიამოვნო ემოციას შიში ფარავს – რომ მხოლოდ ამ მიზეზით უარმყოფენ.

მე ტრანსგენდერი ვარ…

მე მესმის რას გრძნობდნენ კეთროვნები.

მე მესმის რას გრძნობენ პატიმრები, მე მესმის რას გრძნობენ პაციენტები, რომლებსაც განუკურნებელი დაავადება აქვთ. (თავად ტრანსგენდერობა დაავადება არ არის, უბრალოდ გენდერული დისფორია ჩემი სულის კიბოა)

მე ტრანსგენდერი ვარ…

შევეგუე იმას, რომ ჩემი ოჯახი დაბადების დღეს ან საერთოდ არ მომილოცავს (მათთვის ჩემი არსებობა ტრაგედიაა) ან გამოჯანმრთელებას და სწორ გზაზე დადგომას მისურვებს.

მე ტრანსგენდერი ვარ…

ხშირად იძულებული ვხდები ვუყურო, როგორ თხოვდება ქალი რომელიც მიყვარს,

იძულებული ვხდები ცოლი მოვიყვანო სიყვარულის გარეშე, პირველივე შესაძლო ვარიანტში, რადგან მეშინია რომ არავინ ამირჩევს, ვფიქრობ რომ არჩევანზე არ მაქვს საქმე.

ჩემი შეყვარება ქველმოქმედებაა,

ეს ქველმოქმედება შეიძლება ადამიანს საკუთარ სიცოცხლედაც დაუჯდეს.

ხშირად იძულებული ვხდები ცირკებზე და სადგურებზე პროსტიტუციით დავკავდე რადგან ჩემი სახელმწიფო არ მაძლევს სხვანაირი სამსახურის ქონის უფლებას, როდესაც 13 წლის ასაკში მშობლები სახლიდან გაგაგდებენ სხვა გადასარჩენი გზა აღარ გრჩება.

ხშირად იძულებული ვხდები ნარკოტიკი მოვიხმარო ან გავლოთდე, რადგან ცხოვრებას ვერ ვუძლებ და თერაპიაც დიდად ვერ მეხმარება.

ხშირად იძულებული ვხდები საკუთარი ქვეყნიდან გავიქცე და უმძიმესი პრობლემების წინ დავაყენო საკუთარი თავი მხოლოდ იმის გამო, რომ ვიყო იქ სადაც ადამიანად მთვლიან.

ქვეყნიდან გავიქცევი, მაგრამ საკუთარ სხეულს სად გავექცე?

ხშირად იძულებული ვხდები უარი ვთქვა ასეთ სიცოცხლეზე და თავი მოვიკლა.

მე ხშირად მკლავენ ქუჩაში და უფრო სევდიანი ის არის, რომ ეს არ ხდება მიყრუებულ და ჩაბნელებულ ადგილას, არც კრიმინალურ უბნებში – ეს ხდება დღისით, სინათლეში და ხალხის წინაშე.

მე ხშირად მარიდებენ ბავშვებსა და მოზარდებს, რადგან ეშინიათ რომ ან გავრყვნი მათ, ან დავაინფიცირებ – ჩემი არსებობა მათთვის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა.

მე ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი განათლებული და ინტელექტუალური ვარ.

მე კარგი მხატვარი ვარ

კარგი პოეტი

კარგი სპორტსმენი

კარგი არქიტექტორი

კარგი ექიმი

მაგრამ საერთოდ აზრი აქვს კი რამის მიღწევას? 

მე ტრანსგენდერი ვარ –

ჩემნაირი ადამიანების უმეტესობა თვითმკვლელობისკენაა მიდრეკილი.

მე ტრანსგენდერი ვარ –

მთელი ცხოვრება იმ ფიქრით გავატარე რომ არასრულფასოვანი ვარ და როდესაც გავიაზრე, რომ ყველა ადამიანი არასრულფასოვანია ეს აზრი ვერ დამეხმარა.

ამბობენ რომ ტრანსგენდერები ჯოჯოხეთში ხვდებიან და ისინი არ ცდებიან, ჩვენი ცხოვრება ისედაც ჯოჯოხეთია, ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, უბრალოდ ისინი ვერ ხვდებიან რომ ამისთვის გარდაცვალება არ გვჭირდება.

მე ტრანსგენდერი ვარ.

დღეს პირველად მინდა ვთქვა,

ღმერთო ( ყოველდღე ვეჭვდები შენს არსებობაში რადგან ხანდახან უბრალოდ არ შემიძლია დავიჯერო რომ ვიღაც გეგმავს ადამიანთა დაბადებას და არასწორი სხეულისთვის გამიმეტა, თუმცა ვიცი რომ არსებობ და ვიცი მაპატიებ იმას, რომ ხანდახან ძალიან მძულხარ შენც და შენი შექმნილი სამყაროც) მე მადლიერი ვარ რომ ჩემი არასრულფასოვნება მხოლოდ ამაში მდგომარეობს,

სამაგიეროდ ვერავინ იტყვის რომ 

გავწირე,

მივატოვე,

გული ვატკინე,

მასზე ვიძალადე,

შემეძლო და არ დავეხმარე,

დავცინე,

გავკიცხე,

ცილი დავწამე,

მოვპარე,

წავართვი,

დავემუქრე,

შევაშინე.

შევავიწროვე,

თავი ცუდად ვაგრძნობინე

აბუჩად ავიგდე

დავაკნინე

დავამცირე

ზემოდან შევხედე

არ გავუგე

მიხარია რომ ჩემი არასრულფასოვნება ჩამოთვლილთაგანში არ იკითხება.

რეზი, 2025 წელი