ეს ქვეყანა შენი არ იყო!

არც ეს სამყარო იყო შენი და არც ის ცხოვრება, რომლის აჩევაშიც ბრალი დაგდეს! ჰო, ასეა!
შენ სულ სადღაც გადაკარგული გვირილების მინდვრებში გარბოდი. იქნებ იმას ფიქრობდი, რომ რეალობისგან თუ გაიქცეოდი შენი სიცოცხლე გახარგრძლივდებოდა?
იქნებ ის იფიქრე, რომ თუ ხშირად ტელე ეკრანებზე შენიანების, ჩვენიანების დასაცავად გამოჩნდებოდი შენ შედარებით დიდხანს იცოცხლებდი?
მე ასე მეგონა, მე ვფიქრობდი რომ ერთადერთი იქნებოდი სიცოცხლის ხანგრძლივობაში რეკორდს ვინც დაამყარებდა მაგრამ…
მაგრამ …
ყველაზე სადისტურად, ყველაზე მოულოდნელად ციცინათელასავით ჩაგაქრეს…
ხშირად გითქვამს მოვერიდოთ, არ გავაღიზიანოთო, რაღაც შენებური სიჩუმე აირჩიე და იმ ჩუმ ბილიკებს გაჰყევი…
მეგობრობდი და მეგობრობდნენ…
ტელე ეკრანებზე ჩნდებოდი, როგორც ყველაზე მამაცი ქალი ყველაზე მამაცი ქალების გარემოცვაში და…
შენი სხეული უკანასკნელ გზაზე ყველაზე მამაცმა “ჩვენიანებმა” გააცილეს…
ისინი და სხვები კი გლოვობდნე 30 წამიან ჩართვებში… ( ეს ყოველთვის ასე ხდება)
შენი სიკვდილით ერთი რაღაც შესძელი – ზოგიერთი ააღელვე და ბევრიც დააფიქრე, მაგრამ შენ დამთავრდი…
არ ვიცი სადაც შენ ხარ იქ რა ხდება. საერთოდ ხდება თუ არა რამე, ერთი კი ნამდვილად ვიცი – შენ გასაოცარი ქალი იყავი, რომელიც უშიშრად გამოხატავდა საკუთარ თავს…
შენ ყველაზე გულწრფელი ადამიანი იყავი…
შენი ტკივილებით დაწყებული ცხოვრებაც ტკივილიანად დაასრულე – მოგკლეს… თუმცა სანამ ფიზიკურად მოგკლავდნენ, შენ ყოველდღე გკლავდნენ მზერით, ქცევით, სიტყვით…
ბოლოს კი “მიგიღეს”, მიგიღეს მაშინ როდესაც ეს აღარაფერში აღარ გჭირდებოდა…
აღარ ამბობდნენ რომ “შეცდომა” იყავი. მე კი მინდა გითხრა ჩემო ძვირფასო, თუ ასეა, შენ ყველაზე არაჩვეულებრივი “შეცდომა” იყავი ჩვენს შორის…
იმედი მაქვს რომ ის სამყარო სადაც ახლა ხარ – შენია!
შეხვედრამდე!

თომა, 2025