
ცოტა ხნით,მხოლოდ ერთი წამით დაივიწყეთ რელიგიური ფანატიზმი, ფაშისტური “პატრიოტიზმი”, “ოჯახის სიწმინდის” დაცვა და წარმოიდგინეთ 16-17 წლის ადამიანი რომელიც ოთახში ზის და სიკვდილს ელოდება, ოღონდ ამაში ტრაგიკული კი არ არის ის რომ ის ამ ასაკში სიკვდილს ელოდება არამედ ის თუ ვისი ხელიდან და რისთვის, უფრო ნათელი რომ გახდეს სურათი ასე გეტყვით: წარმოიდგინეთ 17 წლამდე ადამიანი რომელიც ოთახში აკანკალებული შიშით სავსე ზის და საკუთარ ოჯახს ელოდება როდის შემოანგრევენ კარს რომ გაანადგურონ, ალბათ იფიქრებდით რომ მისი ოჯახი ცივსისხლიანი მანიაკების ხროვაა სანამ გაიგებდით რომ ეს ადამიანი ტრანსგენდერია, როდესაც ამას გაიგებთ მერე უკვე გაამართლებთ მის ოჯახს, რადგან სავარაუდოდ თავადაც ასე მოიქცეოდით.
შიშს ჭკუიდან გადაყავხარ, წარმოიდგენ ყველაზე საშინელ სცენარებს რაც კი არსებობს და ბოლოს იმ დონემდე მიდიხარ რომ ფანტასტიკის ჟანრის არარეალურ შიზოფრენიულ სცენებში ხარ, ყველა სცენა იმდენად რეალურია რომ მთელი არსებით ყველა უჯრედით შეიგრძნობ მას, ახლა იცი რომ ვერავინ გადაგარჩენს, მხოლოდ ღმერთის იმედი გაქვს და იმ ღმერთშიც ეჭვი გეპარება რადგან მთელი ცხოვრება გარწმუნებდნენ რომ მას მთელი გულით სძულხარ, რომ მან მიგატოვა და არასდროს დაგიცავს. ასეთი მძაფრი შიშის დროს ყველა შიში რაც კი ოდესმე გქონია ერთად იკრიბება და ათასჯერ მეტად მძაფრდება, მე მესმის რომ საშინელებაა როდესაც გკლავენ, სიკვდილს ელი და ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაგესხნენ მაგრამ გაცილებით უფრო რთულია როდესაც ამას აკეთებს შენი საკუთარი ოჯახი, ადამიანები რომლებიც უნდა გიცავდნენ და უყვარდე.
მაგრამ არა! მათ შენი რცხვენიათ და უნდათ რომ ჩირქიანი ჭრილობასავით მოგიკვეთონ! აგმოგფხვრან არსებობიდან ისე თითქოს არასოდეს გიარსებია რომ ამით წაშალონ სირცხვილი, საზოგადოების წინაშე თავი გაიმართლონ.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი მაღალ თანამდებობებზე არიან, შეკრულები არიან როგორც სისტემასთან ასევე კრიმინალურ სამყაროსთანაც უკვე ხვდები რომ დედამიწაზე ვეღარავინ დაგიცავს.
შენ მიდიხარ და კრიშნაიდების მონასტერში იმალები, და იცი რომ მანდაც მალე მოგაგნებენ, უბრალოდ გეშინია და ეს ერთადერთი ადგილია სადაც ოდესმე თავი ადამიანად და უსაფრთხოდ გიგრძვნია ამიტომ ფიქრობ:”თუ სიკვდილია მაშინ აქ მაინც მომკლან, აქ სიმშვიდეა და კრიშნას ვუყვარვარ, ის ერთადერთია ვინც მე მიმიღო, კრიშნა ძალიან კეთილია.”
წარმოიდგინეთ როგორია შეგრძნება როდესაც ღამე და დღე გაერთიანებული გაქვს უკვე ვეღარ ხვდები რამდენი ღამე გაათენე რადგან როგორც კი ჩაგეძინება პატარა ხმაურიც კი გაღვიძებს რადგან გგონია რომ ისინი მოდიან, არა შენ კი არ გგონია ისინი გირეკავენ და გახსენებენ ამას მუდმივად ზარებით ხმოვანი შეტყობინებებით წერილობითი ტექსტებით სადაც საშინელი დამცირება, მუქარა, აუტანელი სიტყვებია. ვერ ბლოკავ რადგან მერე უფრო გეშინია თუ კავშირის წყარო გაქრება ვეღარ განსაზღვრავ რას დააპირებენ და შესაბამისად თავსაც ვერ დაიცავ.
ელი სასწაულს რომელიც არ მოვა, ხვდები რომ უნდა გაიქცე ქვეყნიდან მაგრამ სრულწლოვანიც არ ხარ ამიტომ ეს არ შეგიძლია,ყველა მხრიდან ჩიხში ხარ, ვერავინ დაგეხმარება.
ვეღარ ხვდები რა უფრო გტკივა ის სიტყვები რითიც საკუთარი ოჯახი გამკობს?
ის რომ შენს არასრულწლოვან დედამამიშვილს არწმუნებენ რომ შენ გათახსირებული და გარყვნილი ხარ?
ის რომ მოსაკლავად გიმეტებენ?
კიდევ ათასი რამ.
და იცით რა არის ყველაზე უარესი?
ეს თქვენი ბრალია.
დიახ, თქვენი.
მთელი ბავშვობა მცემდნენ და ფიზიკური ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და ამის მიზეზი იყო მუდამ ერთი ფრაზა:”რას იტყვის ხალხი?”
მე მესმის რომ თავად ადამიანის პირად შეგნებაზე და აზროვნებაზე არის დამოკიდებული ის ფაქტი რომ მასების აზრით მართულია და აინტერესებს თუ რას იტყვის ხალხი, მაგრამ ეს სხვა პრობლემაა, თქვენ რომ სინამდვილეში ასეთები არ იყოთ, რომ არ საუბრობდეთ, ჭორაობდეთ, თითს იშვერდეთ, ადამიანის ცხოვრებას ჯოჯოხეთად რომ არ აქცევდეთ განა იქნებოდა ვინმე იმდენად ცივსისხლიანი რომ საკუთარი შვილები მოეკლათ? ბუნებაში არ არსებობს იმდენად მიუღებელი რამ რის გამოც დედა საკუთარ შვილს მოკლავს, თუნდაც არ მოსწონდეს მისი გადაწყვეტილებები, მაგრამ თქვენ, თქვენ გაბოროტებული საზოგადოება რომელსაც ოდნავი მიმღებლობაც კი არ გაგაჩნიათ და დადიხართ დაპროგრამებული დაზომბირებული და სრულიად ტვინგამორეცხილი, თქვენ ვისაც ადამიანის ტკივილი სასაცილოდაც არ გყოფნით ხართ ამის მიზეზი.
ისწავლეთ ცოტაოდენი სიყვარული და მიმღებლობა და მოეშვით იმის ქადაგებას რომ რაც უფრო აგრესიულები და მკვლელები იქნებით ღმერთი უფრო მაღალი საფეხურის სამოთხეს მოგიძღვნით, რაც მეტ იეჰოველს, ლგბტ ადამიანს და უმცირესობას ამოჟლიტავთ უფრო მაღალი დონის სამოთხეში შეხვალთ.
ქვეყანაში სადაც მამები შვილებს, ბაბუები შვილიშვილებს აუპატიურებენ, სადაც ტელევიზიით ყოველდღიურად ცხადდება ქმრისგან მოკლული ცოლების, ძმებისგან მოკლული დების, ავაზაკებისგან გაუპატიურებული არასრულწლოვნების სახელები, იქ სადაც პატარა ბავშვები და მოხუცები შიმშილით, წამლის უქონლობით, ექიმთან მისასვლელი ფულის არ ქონის გამო კვდებიან და ნადგურდებიან, იქ სადაც ნარკომანია და ალკოჰოლიზმი უკვე ჩვეულებრივი ამაბავი კიარა არამედ აუცილებლობადაც კია ქცეული თქვენი მთავარი პრობლემა ის არის თუ ვინ წევს ჩემს საწოლში, თუ რომელი სხეულის ნაწილი მოვიკვეთე და რომელი მივიკერე,რა არის ჩემი წვერების რაოდენობა ჩემს სახეზე და ა.შ
გთხოვთ ჩაიხედოთ საკუთარ გულებში და ნუ აიძულებთ სხვებსაც გაიარონ იგივე ჯოჯოხეთი რაც მე და უამრავმა ადამიანმა უკვე გავიარეთ.
რეზი, ნოემბერი 2025
