რას ნიშნავს იყო ტრანსი?
ჩანახატი, თომა — თომა
რას ნიშნავს იყო ტრანსი?
არ არსებობს ამ სამყაროში ადამიანი რომელსაც არ დაუსვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა: - რისთვის დავიბადე? ეს ისეთი შეკითხვაა რომ ნებისმიერი ადამიანის თავში გარდაუვალად დაიბადება. ჩემ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრების თითოეული დილა ამ შეკითხვით იწყებოდა და სრულდებოდა. - რისთვის გავჩნდი ამ პლანეტაზე და ვინ ვარ საერთოდ? რატომ დავიბადე სხვა ადამიანის სხეულში და რატომ ვერ ვგრძნობ ამ სხეულს ჩემად? გარშემო, ადამიანებისგან მხოლოდ ის მესმოდა რომ ბუნების ,,შეცდომები" იყვნენ ,,ჩემნაირი" ადამიანები. და რა უნდა მეთქვა? რამე რომ მეთქვა მერე რა მოხდებოდა? რა დაა... ყველა ადამიანი ვინც მიყვარდა სიძულვილით თუ არა, სიბრალულით მაინც შემომხედავდა. იქნებოდნენ ისეთებიც ჩემ გამსწორებას რომ შეეცდებოდნენ. ისეთ თვალებსაც გადავეყრებოდი მიმაკვდავივით რომ მომაჩერდებოდნენ. შემომხედავდნენ ისე როგორც სასიკვილოდ განწირულს რომელიც სადაცაა ჯოჯოხეთში მოხვდება. - საწყალი! არადა რა კარგ ოჯახში გაიზარდა! ხმამაღლა თქმის არ მოერიდებოდა რომელიმე ,,ახლობელს". მე კი, პიროვნება x-სს რომელსაც ყველა y-ად ხედავს რა მექნებოდა სათქმელი? ან ახლა რა შემიძლია რომ ვთქვა? - ჰეი, მე y-ის სხეულში დაბადებული x-ი ვარ, ნება იბოძე და პატივი მეცი! პატივი მეცი რადგან, თქვენგან განსხვავებით, არსებობს აღმატებული ძალა ამ უსასრულო სამყაროში რომელსაც ჩემი გაგება შეუძლია! რომელი ძალა? ვინ? ჟრუანტელივით დამაყრიდნენ შეკითხვებს. - ვინ და იესო! ქრისტეს სახელის გაგონებაზე უფრო მეტად შემიზიზღებდნენ ,,ქრისტიანები". - იესოს შეუძლია ჩემი გაგება, რომლის სული და შინაგანი სამყაროც იმ სხეულში მოათავსეს გარდაუვალი ტანჯვისთვის რომ იყო განწირული. და რა ქნა მან? შეეშინდა? შეიძლება შეეშინდა კიდევაც მაგრამ ბოლოს ყველაფრის მიუხედავად ტრანსფორმაცია განიცადა, მან სხეული დათმო და ვერაფრით მოახერხა საკუთარი თავი და პიროვნება დაეკარგა... თავს ქრისტესთნ ვაიგივებ? არა! რას ნიშნავს იყო ტრანსგენდერი ადამიანი? რას და ტკივილს, რას და იმედს. იმედს, იპოვო ამდენ დაკარგულ სულში დაა ამ ვრცელ სამყაროში საკუთარი თავი! შექმნა შენი პიროვნება და გაიარო ცხოვრების მოკლე გზა შენი შეცდომებითა და გამარჯვებებით. ერთ დღესაც გავბედე! გავბედე და ვთქვი: თქვენ ცდებით! მე x-ი ვარ! მე ადამიანი ვარ რომელსაც ბედნიერების ისეთივე უფლება მაქვს როგორც თქვენ! ვამბობდი და ვგრძნობდი როგორ მეშინოდა. ვამბობდი და ვგრძნობდი, როგორ ვამაყობდი. განცდა გამიჩნდა თითქოს თივის ზვინში დაკარგული ნემსი ვიპოვე. ჯადოსნური ნემსი რომელსაც ჩემი გადარჩენაც შეეძლო და თქვენიც. მე ჩემს თავს ვუწამლე. ჩემს შიშებს ვუმკურნალე. იქნებ სწწორედ ამისთვის ღირდა დავბადებულიყავი? x-სს დავუძახე x-ი და რეალობას არ გავექეცი. მერე? მერე ჩემს თავს სახელი დავარქვი და მეორე გამოწვევის წინაშე დავდექი. საკუთარ მესთან კონფორტში ყოფნის პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგა. ჰორმონალური თერაპია, ეს არის შემდეგი ნაბიჯი.
ჰორმონალური თერაპია
ენდოკრინოლოგთან მივდივარ... რამის ბაბუაჩემის ბაბუის სამედიცინო საქმეები შემასწავლეს. კარგია, კარგია რომ ასე ღრმად ეძიებიან ყველაფერს... ახლა მის იმედად ვარ. მან უნდა გადაწყვიტოს ჩემი ბედი. ვფიქრობ, ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეზე და ამავდროულად ფიქრის უნარი მაქვს დაკარგული. დღეს ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი დღეა. ვდარდობ, ვდარდობ რომ ჩემ საყვარელ ადამიანებს ეგონათ და ჰგონიათ რომ საღად ვერ ვაზროვნებ და ეს ყველაფერი გამივლის. საქმე საქმეზე რომ დადგება შემეშინდება და უარს ვიტყვი. ჯერ კიდევ იმის იმედი აქვთ რომ y ვარ. ჯერ კიდევ იმის იმედი აქვთ რომ საკუთარ პიროვნებაზე ხელს ჩავიქნევ. მათი იმედების გაცრუება არ მინდა. მე მიყვარს ეს ხალხი. მიყვარს და ალბათ უფრო მეტად მაგის გამოც მეშინია რომ მათი სიბრალულით სავსე თვალები არ დავკარგო. ბევრი ვიწვალე ჩემი სიმართლე, ჩემი პიროვნება რომ მემტკიცებინა. ქრისტესავით, რომ იძახოდა ღმერთის შვილი ვარო და ბოლოს სიმართლისთვის სასჯელი რომ მიიღო. ახლა კიდევ ერთხელ ვაღიზიანებ ამით ადამიანებს. მაგრამ ასეა... საკუთარი პიროვნეას და იესოს სულ ვაკავშირებდი და მგონია რომ დავაკავშირებ. ხანგრძლივი გზის შემდეგ, მითხრეს რომ ხვალ ჰორმონს პირველად გამიკეთებენ.
ნემსის ძალიან მეშინია. ახლაც მეშიანია. არადა ყოველი სამი კვირის მერე მმომიწევს ინექციის მიღება. დღეს პირველი ჰორმონის მიღების შემდეგ როცა ჩემს სათამაშო ძაღლს ვეჭიდებოდი ტკივილის მასზე გადასატანად ვიგრძენი, ვიგრძენი რომ რაღაც ახალი დაიწყო. ეს ფსიქოლოგიური მომენტია. იმ წამსვე არაფერი არ გემართება, მხოლოდ სიახლის განცდა გიპყრობს... ტვინი, ნეტავ ვინმემ მაინც გაარკვიოს მასში რა ხდება... - 1 თვის შემდეგ_ სარკესთან მივდივარ და საკუთარ კანს და სხეულს ვაკვირდები. რამე ცვლილება თუ მოხდა. ვმღერი, ლექსს ვკითხულობ... შეიცვალა ჩემი ხმა? ვიწერ და ვუსმენ, მერე ძველ ჩანაწერებს ვადარებ... ჯერ ცვლილებები არ არის და იცით ეს მახარებს კიდეც... თავისუფლად გავალ ქუჩაში.. ხმას და სახეს უცხოდ არ მიიჩნევენ ჩემი ნაცნობები და ჩემი სიცოცხლეც გადარჩება ამ გასვლაზე.
ბაინდერი
ხმა შესამჩნევად შემეცვალა. პაპაჩემი ყოველ დარეკვაზე მეუბნება რატომ არ ვსვამ წამლებს. მას ჰქონია რომ გავცივდი და უკვირს რანაირად არ გადაიარა ამ ვირუსმა. დიაგნოზი მისთვის არა მაგრამ ჩემთვის ცნობილია. დილით დიდხანს ვიტრიალე სარკესთან და დავრწმუნდი რომ სახეზე თმა ამომდის. თან ისე სასაცილოდ, აი თხის შვილებს რომ დაეწყებათ ხოლმე. ჯერ თხას რა წვერრი აქვს და მის შვილს რა ექნება ხომ წარმოგიდგენია? ეგეთი სასაცილო ვარ მეც. სამეგობროში ყოფილან ბიჭები წვერი რომ არ მოსწონთ და გაპარსვა ეზარებათ... მე კიდევ ვერ ვიმეტებ ამ ღინღლებს მოსაშორებლად. თან არც ვიცი როგორ მოვიშორო. მე ხომ ქალის სხეულში გავჩნდი და ქალებს მაგას არასოდეს ასწავლიან. საპირფარეშოში ჩავიკეტე ახლა და ვცდილობ ისე გავიპარსო როგორც ფილმებშია. სქელი ქაფი რომ აქვთ ხოლმე სახეზე. ვცადე მაგრამ გავიჭერი, სასწრაფოდ შევისხი პაპაჩემის ადეკოლონი რომელსაც შეიძლება ვადა გასული ჰქონდეს. ამეწვა. ამეწვა მაგრამ მესიამოვნა, თავი უფრო მეტად მამრად მაგრძნობინა ამ რიტუალმა. მერე შემეშინდა რამე ინფექცია არ შემეჭრას მთქი და დავგუგლე" ,,როგორ გავიპარსო წვერი სწორად?" ,,საპაერსი საშუალება დამწყებთათვის" უმდენ რამეს ვგუგლავ მეც არ მახსოვს. ხო მართლა, ციკლი შემიწყდა. სპეციალურ აბებსაც ვსვამ მაგრამ ჯერ ჯერობით ტკივილის შეგრძნებები მაქვს ისევ. ხანდახან იცი რას ვფიქრობ? გამორიცხულია ტრანს კაცზე მეტად ქალს ვინმემ გაუგოს. ყველაზე მეტად ის მანუგეშებს რომ მე ციკლი არ მაქვს მაგრამ ახლა სხვა პრობლემის წინაშე დავდექი. მკერდზე თმა მეზრდება.
ბაინდერი, მირჩიეს ჩემმა მეგობრებმა... არიან ისეთი მეგობრებიც ჩემს ძუძუებს რომ შენატრიან - ნეტავ ჩვენ გვქონდესო. ნეტავ მართლა შემეძლოს მიცემა, რამდენის მადლს მოვისხავდი? უუფ, რა უცნაურია ადამიანი, აწუხებს, სტკივა და მაინც შეუძლია გაიხუმროს... ასეთებად გავჩნდით მზამზარეუი არავის მოგვდის.. ვერც ჩემს მეგობრებს ვაჩუქებ მკერდს და ვერც სხვები მომცემენ პენისს. ახლა საქმე იმაშია რომ ფიზიკურად ჩემს ბუნებრივ სქესს უნდა გავუთანაბრდე. ეს მემკვიდრეობითი მკერდი რამენაირად უნდა დავმალო. ისე ერთი შემთხვევა მქონდა. ბავშვმა ხელი გამოიშვირა ჩემსკენ და დედას უთხრა. - აი დედა ძუძუებიანი კაციო. გამეღიმა მაგრამ ვაი იმ ღიმილს. ბაინდერი გამოვიწერე, ძლივს ჩამოვიდა. ისე ველოდი დედა მშობიარობას რომარ ელოდება. გავიკეთე, მკერდი არ მეტყობა, მგრამ ვის ვატყუებ, საკუთარ თავს? ისე მაწვება მგონია დავიღრჩობი. ყველაფერს შეჩვევა უნდა, მათ შორის შენი ნაკლი რომ დამალო იმასაც...
მშობლები
როდესაც გადავწყვიტე სქესი შემეცვალა და გავიაზრე რამხელა სირთულეებთან მქონდა საქმე. პირველ რიგში ჩემს მშობლებზე დავფიქრდი. არ ვიცი ვინ რას ფიქრობ მაგრამ, ჩემთვის ოჯახი ზეაღმატებულია. დედა იმას ნიშნავს რასაც ჩემი საქართველო და საქართველო იმას, რასაც დედაჩემი ჩემთვის. როგორია დაიბადო ქალად, დედაშენმა იტანჯოს მშობიარობის ტკივილებთ, მერე გაგზარდოს, ღამეები გითიაო, სახელი დაგარქვას, სკოლაში წაგიყვანოს და უეცრად უთხრა რომ ქალი კი არ გააჩინა, გაზარდა და ასწავლა არამედ კაცი. ეგ ჩემთვისაც რთული გადასატანია და მითუმეტეს დედაჩემისთვის... არსებობენ დედები რომლებიც ვერ გიგებენ და აკლბათ ეს უკეთესია, რადგან თუ მშობელმა გაგიგო და გვერდით დაგიდგა, უფრო მეტად ხარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. დედაჩემს ძალიან ეწყინა, ძალიან სწყინს და სტკივა მაგრამ, ვერ გაბედა მივეტოვებინე.
რას ვიზამდი მე ჩემს შვილს რომ ეთქვა არავარ ის ვინც გამაჩინეო? ამაზე ხშირად მიფიქრია. მეწყინებოდა, მეწყინებოდა იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა გზის და რამდენი ტკივილის მოთმენა მოუწევდა. ამიტომაც მტკივა მე დედაჩემი მენანება არა ჩემი თავი, არამედ ის, ამდენი ტკივილისთვის. მშობლისთვის, ვინც არ უნდა ყავდეს შვილი, შვილი მაინც ნაღველი და დარდია... ის მშობლები კი ვინც სვილს ისეთად მიიღებენ თავს როგორც გრძნობენ, იმედები არიან და ახალ ცხოვრებას იწყებენ.
ცხოვრება კი არ არის მარტივი. არ არის მარტივი მითუმეტეს ქალისთვის. ჩვენ ტრანს კაცები ვართ, ანუ კაცები, მამაკაცები... მხოლოდ ერთი უდიდესი შესაზლებლობით, ძალიან კარგად გვესმის ქალების...
ოპერაცია
მე ვთქვი რომ ძალიან მეშინია ნემსის... ასეცაა, დღემდე ასეა. ოპერაციამდე ქირურგმა გამაფრთხილა არ მეჭამა და წყალი არ მიმეღო... დილა იყო, უფრო სწორედ ჯერ კიდევ ღამე... ავტობუსში დავჯექი და ღმერთთან დავიწყე ლაპარაკი. ,,ღმერთო, თუ თვლი რომ მე შენი შეცდომა ვარ, ახლა შეგიძლია ამ შეცდომას წერტილი დაუსვა. ღმერთო, მე მეტად ამ სხეულით ვეღარ ვიცხოვრებ, ჩემთვის უკეთესი ქინება შენ გადაწყვიტო, ის მაინც მეცოდინება მართლა შეცდომად მთვლი თუ შენს შვილად. " 10 საათი იყო დილის ყველა ანალიზი რომ ამიღეს. ცალკე ოთახში გამიყვანეს და ერთმა გოგონამ მთხოვა გამეხადა, მას უნდა დაეხატა ჩემს სხეულზე მკერდი, მერე რომ მექნებოდა, ოპერაციის მერე. ისეთი ლამაზი იყო ეს გოგო შემრცხვა ის სხეული რომ უნდა მეჩვენებინა. მიმიხვდა და გამამხნევა. შავი მარკერი ჰქონდა. აი, დაფაზე რომ წერენ ხოლმე ტრენინგების დროს, ისეთი. თეთრი ხალათი გვაიხადე. ისე ხატავდა ჩემ სხეულზე თან ისეთი ლამაზი იყო რომ შიშის განცდა დამეკარგა. მორჩა და მითხრა, მზად ხარო? კი მეთქი. ისეთი ბედნიერი შევდიოდი საოპერაციოში თითქოს ნაბახუსევი მივყავდი ძმაკაცს სახაშეში"
საოპერაციო მაგიდაზე სამმა ქალმა და ერთმა კაცმა გადამაწვინა, ეგრევე ზეწარით ამიღეს და გადამდეს. განათება ჩაირთო, თვალთ დამიბნელდა. ძალიან ციოდა შიგნით. ყველა მამხნევებდა, მეხუმრებოდნენ. ერთ ერთი ქირურგი ძალიან მომწონდა და ის მოუშვეს პირველი. ისეთი სასიამოვნო წუტები იყო იქამდე სანამ ერთ ერთმა ხელები არ დამიბა. აქ დავიძაბე, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მარცხენა მტევანზე მწარედ მირტყავდა ხელს ანესთეზიოლოგი, ვენა რომ გაიბერა შიგნით რაღც შეუშვა, მეტკინა და ისეთი სიცივე ვიგრძენი ჯერ რომ არ მიგრძვნია. მეორე მეკითხებოდა როგორ ხარო, მიღიმოდა და ჟანგბადის აპარატი მოჰქონდა სახესთან... წამებში მოხდა ეს, მერე გავითიშე. როცა გამეღვიძა კანკალმა და ტკივილმა ამიტანა. გამაყუჩებეი გამიკეთეს და საშინლად ამეწვა. ერთადერთი რაც გავაკეთე მკერდზე დავიხედე, თეთრი კორსეტი მეკეთა. მაშინ ვიგრძენი რომ ყველაფერი დამთავრდა.
ამ დროს მხოლოდ ერთადერთზე ვფიქრობდი. დედაჩემზე. რომ ვერ გადავიტანო, რომ ვერ გავიღვიძო? ცოდოდა. დედაჩემი მედარდებოდა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად. მე გავიღვიძე. კიდევ რამდენჯერმე მომიწევს გაღვიძება ის რომ გავხდე რადაც გავჩნდი. ყოველი დაძინებისას ალბათ ისევ დედაჩემზე ვიდარდებ და ყოველი გაღვიძებისას მასზე გამეფიქრება. მე რომ საოპერაციო მაგიდაზე დავწექი მამაჩემი 3 კვირის მკვდარი იყო, ამიტომ მამაჩემზე არ მიფიქრია, ის ისედაც ჩემთან იყო და ამას გვრძნობდი.
